პროექტის შესახებ

namakvani

 

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება დასავლეთ საქართველოში მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) ლაჯანურისა და გუმათის ჰესებს შორის. პროექტის განმახორციელებელია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს შვილობილი კომპანია სს „ნამახვანი.“

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი მოიცავს ორსაფეხურიან კასკადს და შედგება ნამახვანისა და ტვიში ჰესებისაგან, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 433 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება -1514 გვტსთ. პროექტის წინასწარი სავარაუდო ღირებულებაა 750 მილიონი აშშ დოლარი კაპიტალიზებადი საპროცენტო ხარჯის გარეშე. კასკადის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღია 2021 წელი.

პროექტის პირველადი მონახაზები შესრულდა 1930 წელს, თუმცა 1980-იან წლამდე საპროექტო დიზაინი არ მომზადებულა. 1986  წლის პროექტი გულისხმობდა სამსაფეხურიანი კასკადის (ტვიში, ნამახვანი, ჟონეთი) მშენებლობას ჯამური დადგმული სიმძლავრით 450 მგვტ. პროექტი და წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ხელახლა გადაამუშავეს E.C Hydroprojekt LTD-მ და Stuky LTD-მ. საბოლოოდ პროექტის განახლებული ვერსია, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა ორ საფეხურიან კასკადს წარმოადგინა იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია Studio Ing G. Pietrangeli s.r.l.-მ. ნამახვან ჰესების ორსაფეხურიანი კასკადის სქემა მოწონებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ.

სს „ნამახვანმა“ დაასრულა განახლებული ძირითადი დიზაინი, შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, აიღო დადებითი ეკოლოგიური დასკვნა და მშენებლობის პირობიანი ნებართვა. სამშენებლო ტერიტორიის ძირითადი ნაწილი სს „ნამახვანის“ საკუთრებაშია, ხოლო დატბორვის ტერიტორიის ძირითადი ნაწილის კერძო მესაკუთრეებთან დადებულია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები. სს „ნამახვანმა“ ასევე დაასრულა სოფ. ჟონეთის ხიდის მშენებლობა, რომელიც გათვლილია ელექტრომექანიკური მოწყობილობების და სამშენებლო მასალის გადასატანად და წარმოადგენს ჰესების კასკადის პროექტის ინფრასტრუქტურის ნაწილს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის და პროცედურების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, კერძოდ: შპს „ჯენერალ დეველოპმენტმა“, „POWERCHINA RESOURCES“ LTD-მ და „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA” LLC-მ, რომლებმაც წარმოადგინეს შესაბამისი წინადადებები.

ზემოაღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში ინვესტორის შერჩევის მიზნით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილმა შეფასების კომისიამ შეისწავლა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC გამოაცხადა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ნამახვანს“ და  ნამახვან ჰესის პროექტის განვითარებისთვის შერჩეულ ინვესტორს – Clean Energy Group Georgia LLC-ს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰესის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობასთან საბოლოო ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად. 2017 წლის 6 ივლისს, ზემოაღნიშნულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას (Joint Development Agreement), რომლის მიხედვით ინვესტორი ვარაუდობს, რომ 2018 წლის ივნისის ბოლომდე მოეწერება ხელი იმპლემენტაციის ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასთან. ნამახვან ჰესების ორსაფეხურიანი კასკადის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2018 წლის ბოლოს.

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის წლიურ 1,514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას.